წყარო:bm.ge
საქართველოში პრემიუმ კლასის სასტუმროების დატვირთულობა I კვარტალში 51%-მდე გაიზარდა — TBC Capital
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა წლიურ ჭრილში 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51%-ს მიაღწია. ამის შესახებ ნათქვამია TBC Capital-ის კვლევაში, რომელიც ტურიზმის სექტორის შედეგებს მიმოიხილავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველაზე ძლიერი ზრდა იანვარში დაფიქსირდა, ხოლო თებერვალსა და მარტში დინამიკა შედარებით სუსტი იყო.
TBC Capital სასტუმროების დატვირთულობის საერთო პოზიტიურ ტენდენციას საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ზრდას უკავშირებს. ამასთან, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ თებერვალსა და მარტში შედარებით სუსტი მაჩვენებლები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ დროებით შოკს ასახავს.
თვიური მონაცემების მიხედვით, პრემიუმ კლასის სასტუმროების საშუალო დატვირთულობა იანვარში 57% იყო, თებერვალში 53%-მდე შემცირდა, ხოლო მარტში 43%-მდე დაეცა.
დატვირთულობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მაღალი კლასის ბრენდულ სასტუმროებში ნომრების ფასებიც. პირველ კვარტალში ნომრის საშუალო დღიურმა ღირებულებამ $129 შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 10%-იან ზრდას ნიშნავს. ფასებმა მაქსიმალურ ნიშნულს იანვარში მიაღწია — $140, რის შემდეგაც თებერვალში $123-მდე, ხოლო მარტში $125-მდე შემცირდა.
კონტაქტი
უახლესი აქტუალური ინფორმაცია ჩვენს
სოციალურ ქსელებში